2018 წლის 12 ოქტომბერი – საქართველოს ბანკის შვილობილმა კომპანია Galt & Taggart-მა, საქართველოში წამყვანმა საინვესტიციო ბანკმა და საბროკერო ფირმამ, გაერთიანებულ სამეფოში, ლონდონის საფონდო ბირჟაზე, გამართა კონფერენცია „საქართველოს ინვესტორთა დღე“. ღონისძიების მიზანი იყო ინვესტორებისთვის საქართველოს, როგორც რეგიონში შესანიშნავი საინვესტიციო ადგილის, მისი ეკონომიკური მიმზიდველობის, ბიზნესის კეთების ხელსაყრელი პირობებისა და სტაბილური საბანკო სისტემის გაცნობა. მოწვეულმა სტუმრებმა, ამჟამინდელმა და პოტენციურმა ინვესტორებმა, მიიღეს ინფორმაცია საქართველოს ეკონომიკური პერსპექტივების, ასევე მისი ჯანდაცვის, დაზღვევის, უძრავი ქონებისა და სასმელების სექტორის შესახებ. გარდა ამისა, განიხილეს მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები.

„ძალიან გვიხარია, რომ Galt & Taggart-მა ლონდონის საფონდო ბირჟაზე ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიების – „საქართველოს ინვესტორთა დღის“ – მასპინძელი იყო. ვფიქრობ, რომ ამ ტიპის შეხვედრები კვლავ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ინსტრუმენტად რჩება არსებული და პოტენციური ინვესტორებისთვის ძირითადი ინფორმაციის ფართოდ და ღრმად გასაზიარებლად. ინვესტორებთან და ანალიტიკოსებთან რეგულარული და ეფექტური კონტაქტი უმნიშვნელოვანესია მაქსიმალური აზროვნების გაზიარების უზრუნველსაყოფად და ღირებულების შექმნის ხელშეწყობისთვის, კომპანიების, ქვეყნისა და ფინანსური გარემოს, როგორც ინვესტიციის, უკეთ გასაგებად და უფრო დამაჯერებელი ხედვისთვის“, – განაცხადა ოთარ შარიქაძემ, Galt & Taggart-ის მმართველმა დირექტორმა.

„საქართველოს ბანკს ინვესტორებთან მუშაობისა და ინვესტიციების მოზიდვის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. „საქართველოს ინვესტორთა დღე“ ორგანიზებულია იმ მიზნით, რომ როგორც არსებული, ასევე პოტენციური ინვესტორებისთვის უკეთ იყოს ცნობილი საქართველოს მიმზიდველი საინვესტიციო კლიმატი, აყვავებული ეკონომიკური და ბიზნეს გარემო, სტაბილური მარეგულირებელი სისტემა და წარმატებული ქართული ბიზნესი. უცხოელი ინვესტორები დიდ ინტერესს იჩენენ საქართველოში ინვესტირების მიმართ, განსაკუთრებით იმ კომპანიებში, რომელთა აქციები და ობლიგაციები საერთაშორისო საფონდო ბირჟაზეა კოტირებული. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არსებული და მომავალი ინვესტორები ინფორმაციას უშუალოდ ლონდონის საფონდო ბირჟაზე კოტირებული კომპანიების მენეჯმენტის წარმომადგენლებისგან მიიღებენ და ქვეყნის უმაღლეს თანამდებობის პირებთან საქართველოს ეკონომიკური პერსპექტივების განხილვას შეძლებენ. ძალიან გვიხარია, რომ ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიება შედგა, რადგან ვფიქრობთ, რომ ეს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისა და ინვესტიციების მოზიდვისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია“, – განაცხადა „საქართველოს ბანკის“ აღმასრულებელმა დირექტორმა კაჰა კიკნაველიძემ.

კონფერენციას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია, სახელმწიფოსა და კერძო კომპანიების ხელმძღვანელებთან, მოწვეულ ინვესტორებთან და ანალიტიკოსებთან ერთად.