31 მაისს, საქართველოს წამყვანმა ბანკმა, „საქართველოს ბანკმა“, ჩაატარა სიმდიდრის მართვის პირველი რეგიონული კონფერენცია. ღონისძიების მიზანი იყო საქართველოს, როგორც კერძო საბანკო მომსახურების რეგიონული ცენტრის წარდგენა.

კონფერენციის ფარგლებში განიხილეს საქართველოს რეგიონულ საბანკო ცენტრად გადაქცევის პერსპექტივები და გამოწვევები, მათ შორის საქართველოში საინვესტიციო კლიმატი, ასევე ქვეყნის ეკონომიკა და საბანკო სექტორი. კონფერენციას ესწრებოდნენ ევროპის, ისრაელის, ახლო აღმოსავლეთის და რუსეთის წამყვანი ფინანსური ინსტიტუტები, ასევე საერთაშორისო კლიენტები და იურიდიული და საგადასახადო სფეროს პროფესიონალები.

„საქართველოს ბანკი აქტივებისა და სიმდიდრის მართვაში აქტიურად არის ჩართული 2005 წლიდან. ბანკი ემსახურება მსოფლიოს ყველაზე წარმატებულ, შეძლებულ პირებს და მათ ოჯახებს მსოფლიოს 60-ზე მეტი ქვეყნიდან. ამჟამად ჩვენ ვმოქმედებთ აღმოსავლეთ ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და დიდ ბრიტანეთში წარმომადგენლობითი ოფისების მეშვეობით. „საქართველოს ბანკის“ უნიკალური შეთავაზება, სტაბილურობასთან და მიმზიდველობასთან ერთად, ჩვენს კლიენტებს აძლევს შესაძლებლობას, ინვესტირება მოახდინონ საქართველოში, რასაც ბევრი უცხოელი მომხმარებელი ძალიან მიმზიდველად აღიქვამს“, – განაცხადა „საქართველოს ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა, კაჰა კიკნაველიძემ.

„საქართველოს ეროვნული ბანკი მიესალმება კომერციული ბანკების მხრიდან საბანკო საქმიანობის დივერსიფიკაციას და ამ მხრივ ცოდნისა და გამოცდილების დაგროვებას. ამ მიმართულების განვითარება მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, კომერციული ბანკებისგან მრავალფეროვანი ფინანსური მომსახურება მიიღონ. უცხოელი მომხმარებლების მზარდი ინტერესი აქტივებისა და ქონების მართვის მიმართ საკმაოდ მნიშვნელოვანია, მიუთითებს ქართული საბანკო სისტემის მიმართ მაღალ ნდობაზე და დადებითად მოქმედებს ქვეყნის საინვესტიციო იმიჯზე“, – აღნიშნა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.