ტურისტული ნაკადების აღდგენა და გეოგრაფიის ცვლილება
ტურისტების რაოდენობა სრულად აღდგა 2024 წელს, თუმცა გეოგრაფია შეიცვალა – გაიზარდა ნაკადები აზიური ბაზრებიდან, მათ შორის ინდოეთიდან, ჩინეთიდან, ისრაელიდან, ირანიდან, საუდის არაბეთიდან და ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან. შედეგად, თბილისში სასტუმროების მაჩვენებლები ჩამორჩებოდა პანდემიამდელ დონეს 2024 წელს, რაც თბილისში ტურისტების ნაკლებობამ და ბოლო წლებში სასტუმრო ოთახების მიწოდების ზრდამ განაპირობა.

ფასების ზრდა გლობალურად და საქართველოში
ინფლაციის ფონზე, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები ტურისტულ ნაკადებზე უფრო სწრაფად აღდგა როგორც საქართველოში, ისე გლობალურად. ტურისტების მხრიდან განთავსებაზე გაწეული ხარჯები გაორმაგდა 2024 წელს 2019 წელთან შედარებით, თუმცა ეს სასტუმროებს ნაკლებად შეეხო – ტურისტების პროფილის ცვლილების შედეგად (მიგრანტები, ციფრული ნომადები და სხვა ტიპის გრძელვადიანი ვიზიტორები) სასტუმროებზე მეტად სხვა განთავსების ფორმატებზე გაიზარდა მოთხოვნა. ამასთან, ინფლაციური წნეხის გამო სასტუმროების ფასები გლობალურად გაიზარდა, მაგრამ საქართველოში ჭარბი მიწოდების გამო იგივე ნიშნულზე დარჩა.

საქართველოში ფასების ზრდის შემზღუდველი ფაქტორები
• სასტუმროების მიწოდების მკვეთრი ზრდა თბილისსა და ბათუმში
• მაღალმხარჯველი ტურისტების ნაკლებობა თბილისში, მათ შორის ევროკავშირიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან.
• აზიელი ტურისტების (განსაკუთრებით ჩინეთი/ინდოეთი) მხრიდან დაბალი ფასების მოთხოვნა.

ბათუმის ბაზრის მოლოდინები
ბათუმში 2025-28 წლებში დაგეგმილია 963 ახალი ქსელური სასტუმრო ოთახის დამატება (არსებული მიწოდების მესამედი) და გასაქირავებელი აპარტამენტების გაორმაგება. დაგეგმილი მიწოდების გათვალისწინებით, ბათუმში ტურიზმის მდგრადობის შესანარჩუნებლად ტურისტული ნაკადების სწრაფი ზრდის შენარჩუნება არის საჭირო.

თბილისის ბაზრის მოლოდინები
თბილისში სასტუმროების დაგეგმილი მიწოდება მკვეთრი ზრდის შემდეგ შედარებით ნორმალიზდა, წლის დასაწყისიდან თბილისში 800 ქსელური სასტუმრო ოთახის მშენებლობა შეჩერდა, თუმცა 2028 წლამდე დაგეგმილია 1,246 ახალი ქსელური სასტუმრო ოთახის მიწოდება (არსებული მიწოდების 22%), რაც საჭიროებს ტურისტული ნაკადების მართვას.

ახალი ბაზრების მოთხოვნებზე მორგების საჭიროება
სექტორს ამ ეტაპზე არ აქვს ახალ აზიურ ბაზრებთან მუშაობის გამოცდილება. ტურისტული ნაკადების მართვისთვის საჭიროა: ინდოეთიდან დაბალმხარჯველი სეგმენტის ჩანაცვლება მაღალმხარჯველი სეგმენტით, ჩინელი ტურისტების პროფილზე მორგებული სტრატეგიების შემუშავება, ახლო აღმოსავლეთიდან ნაკადების დივერსიფიკაცია დასვენებისა და საქმიანი ტურიზმისთვის, ევროპელი ტურისტებისთვის ინფრასტრუქტურისა და სერვისის ხარისხის გაუმჯობესება.